ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო, 1769, აიაჩო, კორსიკა − გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.
დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.
1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.
No comments:
Post a Comment